1-10-2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ახალციხეში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ.-ს და 1982 წელს დაბადებული გ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს - 1979 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა.-ს „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ ბრალი.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის - კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით თანხა - 87 ათასი ამერიკული დოლარი. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ნოემბერში ბიზნესპარტნიორებმა - გ.მ.-მ და კ.ა.-მ ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრების - ი.კ.-სა და გ.გ.-ს მეშვეობით, ცალ-ცალკე მიმართეს თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს - ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანას“) და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინას“).
კანონიერმა ქურდებმა დავის გადაწყვეტამდე ბიზნესპარტნიორების ფინანსური დავის შესწავლა ქურდული გარჩევით დაავალეს თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც შეხვდნენ ბიზნესპარტნიორებს და მათ შუამავლებს - ქურდული სამყაროს წევრებს.
ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად მოდავე მხარეები თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა. შეხვედრაზე კინწურაშვილმა დავა ნაწილობრივ ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორე პირის შუამავალს 45 ათასი აშშ დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა.
დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ქურდული გარჩევა თურქეთში კიდევ ორჯერ - 2019 წლის 22 და 29 იანვარს მოაწყო, თუმცა ფინანსური დავა საბოლოოდ ვერ გადაწყდა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-პრიმა ოთხი მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.
კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.
შედეგად, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, ჯამში, პასუხისგებაში მიცემულია კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობისა და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული სხვა მძიმე დანაშაულებების ბრალდებით 274 პირი, მათ შორის 16 კანონიერი ქურდი.