1-10-2019
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ფოთის პორტის ინფრასტრუქტურული განვითარებით მისი შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება თავის თავად დატოვებს ნიშას, რომლითაც უნდა განვითარდეს ანაკლიის პორტი და ეს მთლიანობაში, ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
„როდესაც ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე ვასუბრობთ, ეს არის საშუალება, რომელიც მაქსიმუმამდე მიიყვანს ამ პორტის შესაძლებლობას და თავის თავად დატოვებს ნიშას, რომლითაც უნდა განვითარდეს ანაკლიის პორტი, რაც მთლიანობაში ერთად უზრუნველყოფს ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. ეს ჩვენი ვალდებულებაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“ - განაცხადა რომან კაკულიამ. მისი თქმით, ფოთი არის ნიკო ნიკოლაძის ქალაქი, რომელმაც ამ ადგილის კონკურენტუნარიანობა განსაზღვრა მაშინ, როდესაც ეს სიტყვა საერთოდ არ იცოდნენ საქართველოში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ეს კომენტარი „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. ახალი ტერმინალის პროექტი ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის „ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP“ - ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანია „ROYAL HASKONING“ - ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და „ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.
ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება, რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი,“ რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.