გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

25-02-2018

„1921 წლის 23 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე - მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაგვირგვინდა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.


დღეს საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.


პარლამენტის სასახლის ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თბილისის მერთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.


დღესვე, ირაკლი კობახიძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დედაქალაქის მერთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.


„დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ერთი საუკუნის წინ გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. 1921 წლის 23 თებერვალი არ არის ბრძოლის დასრულების დღე. მაშინ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით და ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენით“,- განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.


პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზოში, იუნკრების ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.


ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.


1921 წლის 23 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან, ქვეყნის თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა.


იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) ეზოში (ახლანდელი პარლამენტის შიდა ეზო) დაკრძალეს. რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 97 წელი გავიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031