გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ტაქსების რეფორმა ამით არ მთავრდება და უახლოესი დღეებში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, რას ვაპირებთ სამომავლოდ

2-10-2019

პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მეორე ნაწილი ამოქმედდა, რაც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელიც უფასო იყო, ძალიან ცოტა მძღოლმა გამოიყენა.

„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რეფორმის მეორე ფაზა, რაც ნებართვის მქონე ტაქსებს A და B კატეგორიებად ყოფს. როგორც იცით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ორჯერ უწევთ სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა. ტექდათვალიერების გავლის შემდეგ, 30%-მა ვერ მოახერხა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. დაახლოებით, 70-71% დარჩა, ვისაც ნებართვა აქვს და გაიარა ტექდათვალიერება. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ჩვენ გამოვყავით სპეციალური ვაუჩერები, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, ან გადაღებონ ავტომობილი ან თეთრი ფირი გადააკრან, ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ასევე, ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით ესარგებლათ, რათა მათი ავტომობილი სუფთა ყოფილიყო და მგზავრს პრობლემა არ შექმნოდა. ესეც უფასო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვაუჩერია გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ტაქსების რეფორმის ერთიანად წამოწყება შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც მუნიციპალიტეტმა მისი ეტაპობრივად განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.

„პროცესი ისევ გრძელდება. ტაქსით მომსახურების გაწევა არავისთვის აგვიკრძალავს. უბრალოდ ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიისთვის ფერი არის მნიშვნელოვანი. მან უნდა გაიაროს ტექდათვალიერება. მათთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება პარკირების უფასო ადგილები. შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთ ავტომობილებზე რეკლამა განათავსონ და აქედან შემოსავალი მიიღონ. ასევე, გადასახადებისგან გათავისუფლებულნი არიან.

ამით რეფორმა არ მთავრდება და მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმა გავაგრძელოთ. ამასთან დაკავშირებით, უახლოესი დღეებში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის ის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, მათთვის გადაადგილება იყოს კომფორტული, ხოლო სისუფთავე - დაცული. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. ვიცით, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ და ასეთ სოციალურ ფონზე შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის ერთდროულად მიწოდება. ამას გარკვეული წლები და მომზადება სჭირდება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა ეტაპობრივად განგვეხორციელებინა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული იყო. სწრაფად გადაადგილება იყოს შესაძლებელი როგორც ავტობუსებით, მიკროავტობუსებით, ასევე, მეტროთი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930