2-10-2019
საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ხვალ ოფიციალურად დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
ნატოს დღეების მნიშვნელობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ისაუბრეს.
„წლევანდელი ნატოს დღეები, გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით. მის ფარგლებში თბილისში და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია 70-მდე ღონისძიების ჩატარება. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და სხვა“, - აღნიშნა თამარა წულეისკირმა ჟურნალისტებთან.
„ნატო მსგავს ღონისძიებებს ატარებს სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასე ხანგრძლივად და მასშტაბურად მიმდინარეობს ნატოს დღეები. მოხარული ვარ, რომ ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ვართ ჩართული, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ყველა ვხედავთ, წლების განმავლობაში როგორ გაიზარდა და გაფართოვდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. აღნიშნული ღონისძიებებით გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებული შედეგების შესახებ,“ - განაცხადა როზარია პუგლისმა ჟურნალისტებთან.
აღსანიშნავია, რომ ნატოს დღეები 2019 დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერის შეხვედრით გაიხსნება, ხოლო დახურვით ღონისძიებას წარმოადგენს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან სადისკუიო პლატფორმას წარმოადგენს.
ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.