2-10-2019
იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. საუბარია ძმის მკვლელობაში ბრალდებულის თვითმკველობაზე.
„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”- განაცხადა წულუკიანმა.
28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 ოქტომბერს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.