2-10-2019
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის“ კვლევას ეხმაურება.
„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის“ კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, კვლევის ექვსივე კომპონენტში (1. გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება; 2. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა; 3. ეფექტური მმართველობა; 4. რეგულირების ხარისხი; 5. კანონის უზენაესობა; 6. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) გვაქვს სერიოზული წინსვლა და ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი, ხოლო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე მეორედ მოხვდა.
მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას მიაღწია საქართველომ ბოლო 7 წლის მანძილზე, სად ვიყავით 2012 წელს და სად ვართ ახლა, 2019-ში:
1. გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება - 2012 წელი 107-ე, ხოლო 2019 90-ე ადგილი;
2. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა - 2012 წელი 161-ე, ხოლო 2019 148-ე ადგილი;
3. ეფექტური მმართველობა - 2012 წელი 64-ე, ხოლო 2019 55-ე ადგილი;
4. რეგულირების ხარისხი - 2012 წელი 55-ე, ხოლო 2019 36-ე ადგილი;
5. კანონის უზენაესობა - 2012 წელი 97-ე, ხოლო 2019 76-ე ადგილი;
6. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - 2012 წელი 67-ე, ხოლო 2019 50-ე ადგილი;
ოპოზიციის, ხელისუფლების ოპონენტების და სკეპტიკოსების შეფასებებზე, რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი კეთდება, პროგრესი/განვითარება შეჩერებულია და თურმე უფსკულისკენაც კი მივექანებით, ამომწურავი პასუხი გასცა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის“ კვლევამ და შეფასებამ, რომელიც, თავის მხრივ, 30-ზე მეტი, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს ეყრდნობა.სრულიად გაუგებარი და სასაცილოც კი არის „ევროპული საქართველოს“ წევრის პროდასვლელი პოლიტიკოსის ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარი, თითქოს ხელისუფლება არასწორ მონაცემებს უგზავნის „მსოფლიო ბანკს“, არადა ბავშვმაც კი იცის, რომ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის“ კვლევა ეყრდნობა: მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, Freedom House-ის, IREX Media Sustainability Index-ის, Open Budget Index-ის, World Justice Project-ის და სხვა ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის არამხოლოდ საქართველოს შესახებ.მიუხედავად მსოფლიო დონეზე აღიარებული ასეთი წარმატებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უფრო ინტენსიურად განაგრძოს რეფორმები ყველა მიმართულებით, რათა მომავალ წლებში კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებლები გვქონდეს, გაგრძელდეს პროგრესი და ის კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ყველა მოქალაქისთვის.
აღნიშნული კვლევა კიდევ უფრო განუმტკიცებს რწმენას ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს, რომ გაგრძელდეს საქართველოს სრული მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“. - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
თეა წულუკიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს ექვსი ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.