2-10-2019
საავტომობილო მოძრაობა ვაკეში კიდევ ერთ მონაკვეთზე, ხუთი დღით შეიზღუდება.
განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე. ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებას ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, ავალიშვილისა და ჩიქოვანის ქუჩებიდან შეძლებენ. რამიშვილის ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ფალიაშვილის ქუჩიდან რამიშვილის ქუჩასა და ამირეჯიბის გზატკეცილს ტრანსპორტი თაქთაქიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება“აცხადებენ მერიაში.