2-10-2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგიის HoloLens- ის პრეზენტაცია გაიმართა.
მოწყობილობის ჩამოტანა ბლოგ MSinfo-ს ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მაიკროსოფთის პარტნიორი კომპანია „სმარტ ბიზნეს ჯორჯიას“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მისი გამოცდის შესაძლებლობა დეველოპერებსა თუ უბრალოდ ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს ტექნოპარკში 15 დღის განმავლობაში ექნებათ.
HoloLens არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომლის გამოყენებისას არ გვჭირდება არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ სათვალე, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი გარემო სამუშაო თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ.
გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეებისგან განსხვავებით, HoloLens- ი საკუთარ პროცესორზე მუშაობს. ეს კი ნიშნავს, რომ მის მომხმარებელს Windows 10-ის ნებისმიერი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ სათვალის გამოყენებით შეუძლია. ტექნოლოგიას იყენებენ მედიცინაში, ავტოწარმოებასა თუ განათლებაში, თუმცა, მისი პოტენციალი ყველა სფეროში ცალსახაა.
HoloLens-ზე დეველოპერები და ინჟინრები სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს უკვე ტესტავენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ეხება მხედველობის და ამავდროულად სმენის არმქონე ადამიანებისთვის გადაადგილების გამარტივებას. HoloLens-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებს პრაქტიკულად უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.