3-10-2019
მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა1 წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას2 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის3 მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 1.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (9.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (0.7 პროცენტი); განათლება: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.7 პროცენტით, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საშუალო განათლების (5.0 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.9 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.0 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1.0 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები მომატებულია 1.7 პროცენტით, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (3.6 პროცენტი).