7-10-2019
დატოვებს თუ არა ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს - მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებს თავად ვანო ზარდიაშვილიც.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თავად ვანო ზარდიაშვილს უნდა ჰკითხონ.
"ასეთი ტიპის ინფორმაცია, მე ჯერჯერობით, არ გამაჩნია. პირველ რიგში, თავად ბატონ ვანოს უნდა ვკითხოთ, თუკი არსებობს ამისი რაიმე საფუძველი. ეს არის პირადი თემა, აქედან გამომდინარე, ალბათ თუ საერთოდ არსებობდა ასეთი, ის თავად გააკეთებს კომენტარებს" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მისი დეპუტატის პოსტზე დარჩენა არ დარჩენის საკითხს არა ზარდიაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
"საქმე როდესაც ეხება დეპუტატის მანდატის დატოვებას, ისევე როგორც ეს იყო ქუცნაშვილის შემთხვევაში, რეალობა არის ასეთი - ეს ადამიანები, ქართული ოცნების დეპუტატები თვითონ არ წყვეტენ იყონ თუ არა დეპუტატები, დატოვონ თუ არა მანდატი. მათ ამის შესახებ ეუბნება ივანიშვილი. იგივე მოხდა ქუცნაშვილის შემთხვევაში, ის დღემდე არ თვლის თავს დამნაშავედ, იმაში, რაც მოხდა გავრილოვთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, არც ზარდიაშვილი არ თვლის მაგრამ თუ ის დატოვებს მანდატს, იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ მას უთხრეს, რომ ასე გაეკეთებინა" - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი პარლამენტში სწორედ ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის მოხდა.