7-10-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,027 გრ. და 0,012 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ე.ი.-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 0,027 გრ. 2019 წლის 12 700, ხოლო 0,012 გრ. 13 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა, თუმცა პატივისცემის ნიშნად, 30 ლარი მყიდველს დაუბრუნა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს - 0,233 გრ. „ჰეროინ“-ს, 0,0086 გრ. მორფინს (ფუძე), 0.0028 გრ. „კოდეინ“-ს (ფუძე) წონით 0.0028 გრამს და 2,094 „პრეგაბალინ“-ს.
სამართალდამცველებმა ე.ი. 2019 წლის 30 ივლისს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.
ე.ი.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.