7-10-2019
ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირების მონაწილეობით ხვალ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მინიმალური ხელფასის თემაზე.
„მოგეხსენებათ, რომ ყოველთვიური მინიმალური ხელფასი საქართველოში ძალზედ დაბალია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. 1999 წელს, მინიმალური ხელფასის შემოღების შემდეგ, მისი ზრდა აღარ მომხდარა სამომხმარებლო ფასების ცვლილების, ინფლაციის, ხელფასის ან საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად. 2006 წელს მხოლოდ საჯარო სექტორში განისაზღვრა უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი 135 ლარის ოდენობით. საარსებო მინიმუმი, ხანდაზმულობის პენსია და ყველა სხვა სოციალური დახმარება საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი. ასევე, დღემდე არ დამდგარა პოლიტიკურ დღის წესრიგში მინიმალური ხელფასის ზრდის პოტენციალისა თუ შესაძლებლობების განხილვა“-აცხადებენ პროფკავშირებში.
კონფერენცია განიხილავს შემდეგ საკითხებს: მინიმალური ხელფასის სისტემები ევროპაში, მინიმალური ხელფასი საქართველოში, მინიმალური ხელფასის ეკონომიკური მნიშვნელობა და მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გამოწვევები და მიღწევები უკრაინასა და სომხეთში.
კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება გააკეთებს მის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსის პრეზენტაციას.
კონფერენციას გახსნიან:
ფელიქს ჰეტი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი;
სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ირაკლი პეტრიაშვილი,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;
ძირითადი მომხსენებლები იქნებიან და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ:
ტორსტენ შულტენი, ჰანს ბიოკლერის ფონდის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის კოლექტიური ხელშეკრულების არქივის ხელმძღვანელი, ტიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი;
ოკსანა ნეჟივენკო, კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორი;
არმან უდუმიანი,სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე;
ჰანსიორგ ჰერი, ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის (გადამდ.) პროფესორი ზენაციონალური ინტეგრაციის საკითხებში;
აკაკი ზოიძე,საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გიორგი ჭანტურიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ანალიტიკოსი;
თამარ სურმავა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;
დავით დარსაველიძე, მკვლევარი, ნოუ ჰაუ ტრენინგცენტრი;
დიმიტრი ცქიტიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი;
კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფართო მსჯელობა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებასა და დასახული ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობების მოძიებას.კონფერენციაზე მოწვეულნი არიან პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებიგერმანიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და დიპლომატიური მისიებიდან.