7-10-2019
“ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი ლოგიკური გაგრძელებაა დასავლელ პარტნიორებთან მიმდინარე ინტენსიური ურთიერთობებისა და ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის შეხვედრების ციკლისა” - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, გერმანია საქართველოსთვის ისტორიულად განსაკუთრებული ქვეყანა და ჩვენი აქტიური მხარდამჭერია.
„სულ ახლახანს, ბათუმში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართა, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიულერიც ეწვია.
გერმანია ისტორიულად განსაკუთრებული ქვეყანაა საქართველოსთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ის ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ორმხრივი ურთიერთობები ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა. საქართველოს ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, ეხლა კი პრეზიდენტი შტაინმაიერი. გერმანიის პრეზიდენტი აქტიურ ფიგურას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი გვარი განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში, უკრაინის ტერიტორიული კონფლიქტის კონტექსტში გაჟღერდა.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყნის მხარდაჭერა. მისი როლი საკვანძოა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელების პროცესში, ასევე ქვეყნის განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარეობს. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში ეკონომიკური გუნდის თანხლებით იმყოფება.
ყველაზე საინტერესო იყო მისი კომენტარი საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით. შტაინმაიერის განცხადებით „ამას სჭირდება ხანგრძლივი და გრძელვადიანი, მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები“. მისი თქმით, სხვა რაიმე განსაკუთრებული და სპეციალური წინადადება მას არ ჩამოუტანია, რაც ნიშნავს რომ ამ ეტაპზე შტაინმაიერის ფორმულა საქართველოსთვის არ არსებობს. ამასთანავე, იგი დადებითად გამოეხმაურა რუსეთთან დიალოგის ფორმატების გაფართოების საკითხსაც.
გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს წინასწარ დაგეგმილი საპასუხო ვიზიტით ეწვია და შეხვედრები გამართა საქართველოს ყველა მაღალი თანამდებობის პირთან“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.