10-10-2019
საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა არასდროს არ ყოფილა და ეს კარგი ამბავია, - ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა.
როგორც მან განაცხადა, რამდენიმე კვირაში პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენთვის. ჩვენ ამ პროცესში ბოლო 11 თვეა აქტიურად ვართ ჩართულები და მის დასრულებას ვუახლოვდებით. როგორც ვიცით, იყო შეკითხები შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე არსებობდა კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების დასახელების თაობაზე. თუმცა, კარგი ამბავია ის, რომ არასდროს საქართველოს ისტორიაში ასეთი გამჭვირვალობა და ღიაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ყველა თავად განსჯის, მათ შორის ის პარლამენტარებიც, რომელთაც საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მათი არჩევა უნდა მოხდეს უმაღლესი პროფესიული და პერსონალური სტანდარტებით,“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.