გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის სასარგებლოდ სახელმწიფოს 3 600 ევრო დააკისრა

11-10-2019

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.

სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930