11-10-2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავჯდომარე იმედა მღებრიშვილი ბენარაში, შოლავერში, უნწაში და ფარეხაში მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.
შეხვედრებზე ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებებად შიდა გზების მოასფალტება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გაზიფიცირება დაასახელეს. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.