გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი ბათიაშვილის საქმეზე: სტრასბურგის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულებების სისტემურობის კიდევ ერთი დადასტურებაა

11-10-2019

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უნდა განვიხილოთ როგორც ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებების სისტემურობის კიდევ ერთი დადასტურება“ - განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, საქმეში აშკარად გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 წარმოადგენდა სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით ჩადენილი ძალადობრივი და უსამართლო პოლიტიკის ორგანულ ნაწილს, განუყოფელ რგოლს გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულების მთელ ჯაჭვში.

„შსს, პროკურატურა, სასამართლო და მედია რუსთავი-2-ის სახით - სინქრონულად მოქმედებდნენ ირაკლი ბათიაშვილის, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ და ყოველგვარი კანონიერი თუ მორალური პრეზუმფციის დარღვევით, იგი ცალსახად აქციეს აღიარებულ პოლიტიკურ პატიმრად. განსაკუთრებით აქტიურად ბათიაშვილის წინააღმდეგ კი პარლამენტის დეპუტატები მოქმედებდნენ.

სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნაციონალური მოძრაობის გავლენის დაკარგვას საკმაო დრო დასჭირდა. ყველაზე დიდხანს პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი, რუსთავი 2 შენარჩუნდა, ძალაუფლებით მიტაცებული რუსთავი ორი სწორედ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო ვერდიქტით დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც დღეს არსებული მედია თავისუფლებითა და პლურალიზმით სარგებლობს და ზუსტად იგივე ძალადობრივი სარედაქციო პოლიტიკით აფუძნებს ახალ არხებს“ - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ, საქართველოში მედიასაშუალების განსჯა არაპოპულარულ საქმიანობად ითვლება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა.

„არადა, მედიის როლი განსაკუთრებულია ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ხელისუფლება პოლიტიკურ ჯგუფს უზურპირებული აქვს და ძალადობრივად მართავს ქვეყანას. დღესაც მიმდინარეობს საუბარი მედიის როლზე რუანდაში, სადაც 25 წლის წინ, მმართველმა პარტიამ განახორციელა გენოციდი, რომელსაც მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ცხადია, მასშტაბი და ძალადობის ფორმები განუზომლად დიდია, თუმცა ტექნოლოგია იდენტურია. ყველა ძალადობრივ ხელისუფლებას გააჩნია პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც უმთავრესი საყრდენი და საშუალებაა ძალადობის წახალისების და გამართლების საქმეში. შესაბამისად, მედიის სახელზე ამოფარება ვერაფრით ვერ იქნება ინდულგენცია და პასუხისმგებლობისგან გაქცევა“ - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლება და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

„ირაკლი ბათიაშვილის დაკავება უკავშირდება სატელეფონო საუბრებს ემზარ კვიციანთან 2006 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება კოდორის ხეობაში არსებული შეიარაღებული დაჯგუფების დაშლის შესახებ, რასაც კვიციანი არ დაემორჩილა. 2006 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი ორმა გაასაჯაროვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სატელეფონო ჩანაწერი. ჩანაწერს იმავე დღეს ტელეიმედის ეთერით გამოეხმაურა ემზარ კვიციანი, სადაც განაცხადა რომ წუთი და 44 წამიანი აუდიოფაილი დამონტაჟებულია და გამქრალია მთავარი ფრაზა, სადაც ის ამბობს რომ არ აპირებს აფხაზური მხარისგან რაიმე დახმარების მიღებას. დამონტაჟებულ ჩანაწერზე დაყრდნობით ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930