15-10-2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე “შრომის კოდექსის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეხმიანება და მიიჩნევს, ახალი რეგულაციის შემოტანის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობები, ბალანსი დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესებს შორის.
"საბაზრო ურთიერთობების ოთხი ძირითადი სახეობიდან (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის ბაზრები) შრომის ბაზარი ფაქტობრივად ერთერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. ახალი რეგულაციის შემოტანის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობები, ბალანსი დამქირავებელთა და დაქირავებულთა ინტერესებს შორის იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს მთლიანი ეკონომიკის უფრო სწრაფ, დინამიურად განვითარებას. ბუნებრივია, შეუძლებელია ეკონომიკის დაბალანსებულ განვითარებაზე საუბარი, მსჯელობა დაბალანსებულ სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუ ასევე არ გვექნა რეალურად დაბალანსებული დამსაქმებელთა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესები.
სახელმწიფო წლებია, აწარმოებს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას, საქართველოში ბიზნესი გათავისუფლებულია სოციალური გადასახადისაგან, ხოლო მოგების რეინვესტირების შემთხვევაში მისი მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებამ ბიზნესს ბოლო წლებში უკვე მილიარდ ლარზე მეტი დაუზოგა.
მეორე მხრივ, ქვეყანაში დინამიურად იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი. 2012 წლის შემდეგ, შესაბამისად, 1,5-ჯერ და 1,25-ჯერ. შესაბამისად, ამ ასპექტითაც შრომითი ურთიერთობების დარეგულირება ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს.
ბუნებრივია, შრომითი რეგულაციების დარეგულირება ითვალისწინებს ორ ასპექტს: შესაბამის ევროდირექტივების დაცვას და საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე შესაძლებლობებს. ისინი არ მოიცავენ მხოლოდ შრომითი პროცესის ხანგრძლივობას და ანაზღაურების სიდიდეს. ისინი მოიცავენ აგრეთვე შრომის პირობებს, ზეგანაკვეთურ მუშაობას, მინიმალურ ანაზღაურებას, უმუშევრობის დახმარებას და ა.შ. ყველა ეს საკითხი ექვემდებარება თანმიმდევრულ, დროში შეზღუდულ მაგრამ არა მყისიერ, ერთჯერად გადაწყვეტას.
დარწმუნებული ვარ, ბიზნესი და დაქირავებით დასაქმებულთა ინტერესების დამცველები და სახელმწიფო შეძლებენ ისეთი მიდგომის შემუშავებას, რომელშიც მაქსიმალურად იქნება დაცული მშრომელთა, დამქირავებელთა და მთელი საზოგადოების ინტერესები. ყველა მხარე უნდა შეთახმდეს, რომ ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს"-განაცხადა არჩვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, “შრომის კოდექსის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.