15-10-2019
შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ერთი მხრივ, მივიღებთ უმუშევრობის ახალ ტალღას და მეორე მხრივ, შესაძლოა, მივიღოთ არაფორმალური დასაქმება, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი გაიზარდოს ანუ მოვიტყუოთ თავი, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სამუშაო დროს მკაცრად უსაზღვრავს.
როგორც აბაშიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მომზადებული ცვლილებები ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე ადამიანებს დასაქმებას აუკრძალავს, რაც არ შეიძლება მხარდაჭერილი იყოს.
„ამ ცვლილებების თანახმად, ფაქტობრივად, ადამიანს ეკრძალება ჰქონდეს მეორე სამსახური, მაშინაც კი, როცა ანაზღაურება არასაკმარისია. ბოლო წლების განმავლობაში ყველა კვლევის თანახმად, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის #1 პრობლემა დღეს არის დასაქმება. პრაქტიკულად, ეს ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანებს ვუკრძალავთ დასაქმებას და ამ ყველაფერს ვაბრალებთ ევრორეგულაციებს, რაც ასევე ძალიან დიდი ტყუილია. ასეთი ტიპის გადაბრალებები ნეგატიურ ფონს აჩენს მოსახლეობაში ამავე ევროინსტიტუტების მიმართ, რაც ასე არაა. მგონია, რომ აუცილებელია ოფიციალური პირების მხრიდან დროულად იქნას განმარტებული, რას ემსახურება ცვლილებები ან სასწრაფოდ იქნას დავიწყებული ამ საკითხზე მუშაობა,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნო სფეროს გარდა, 36 % -ზე მეტია, „ეს ცვლილებები კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადავდგამთ არაფორმალური დასაქმებისკენ და მოუწესრიგებელი სიტუაციისკენ, ჩრდილოვანი ეკონომიკისკენ“.
„ასეთი ცვლილებები დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება და თუ ეს მოხდება 1. გაზრდის უმუშევრობას. 2. უფრო მეტად დაამძიმებს სოციალურ ფონს და უფრო მეტად გაურთულებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეებს და 3. ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად გადაიყვანს ჩრდილში. ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩებიან,“ - აღნიშნა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას უკრძალავს, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს „შრომის კოდექსის“ მეხუთე თავში არსებულ დათქმას. თავად „შრომის კოდექსის“ მეხუთე თავში კი წერია, რომ - „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს“, ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
„შრომის კოდექსის“ მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.”