17-10-2019
ავიაკომპანია „სიბირი“ მოსკოვიდან ქუთაისში იფრენს - Lenta.ru-ს ცნობით, ინფორმაცია აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც „როსავიაციის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ბრძანების მიხედვით, კვირაში დაახლოებით 7 რეისი შესრულდება. მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიაკომპანია „გლობუსიც“ იფრენს.
„ტელეგრამის“ არხი Tbilisi-life ავიაკომპანია „სიბირის“ წარმომადგენლობაზე დაყრნობით წერს, რომ ინფორმაცია დაგეგმილი რეისების შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს. საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.
რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.