გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

17-10-2019

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია 5%-ზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა. „კავკასუს ონლაინმა“ წილების გასხვისება კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე განახორციელა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სამი კვირის ვადა განესაზღვრა.

კომისიის განცხადებით, წილების გასხვისების, შერწყმის ან შესყიდვის დროს, პრინციპულად მნიშვნელოვანია ავტორიზებულმა პირმა თანხმობისთვის მიმართოს კომისიას, რათა კომისიამ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს და შეაფასოს, ესა თუ ის გადაადგილება ბაზარზე კონკურენციის კუთხით რაიმე გავლენას ხომ არ ახდენს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება „კავკასუს ონლაინს“, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას, იმიტომ, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონალურ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება მიაყენოს ზიანი.

ყველას კარგად გვესმის, რომ შესაძლოა ბენეფიციარის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ სტრატეგიებში და სამომავლო ხედვებში ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, სწორედ ამ რისკების დაზღვევისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობა, კომისიის წინასწარ ინფორმირებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ბენეფიციარის ცვლილება მოხდა და სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე. „კავკასუს ონლაინი“ ერთადერთი მსხვილი რეგიონალური ინფრასტრუქტურული მოთამაშეა, რომელიც ევროპულ რეგიონს პირდაპირ აკავშირებს ჩვენს რეგიონთან, სწორედ ამიტომაც, არის აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება 2016 წლის ოქტომბერშიც განახორციელა, მაშინ აღნიშნული ცვლილება კომისიის თანხმობით მოხდა და კომპანიას დაევალა, რომ ნებისმიერი სხვა ცვლილების დროს, კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიეღო, რასაც 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს ადგილი არ ჰქონია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930