გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მეფის რუსეთის საიდუმლო, პოლიტიკური პოლიციის შესახებ გამოფენა გაიმართება

22-10-2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდის დოკუმენტები უახლოეს ხანში საზოგადოებას გამოფენისა და ვებპროგრამის მეშვეობით პირველად წარედგინება.

ჟანდარმერია 1820-იან წლებში შექმნილი მეფის რუსეთის საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია იყო. მის მიზანს სახელმწიფო და პოლიტიკური დანაშაულების გამოვლენა და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა.

თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს ფონდს, რომელიც 1839-1917 წლებში ამ ორგანიზაციაში შექმნილ წერილობით დოკუმენტებს, მეთვალყურეობის მასალებს, საიდუმლო კორესპონდენციას და სხვა საინტერესო დოკუმენტებს აერთიანებს, ახლავს პატიმრებზე 1904-1917 წლებში შედგენილი ჟანდარმერიის ბარათები. ფოტოებთან ერთად, ბარათებმა შემოგვინახეს დაკავებულის თითის ანაბეჭდები, პირადი ინფორმაცია, ფიზიკური აღწერილობა და ინფორმაცია ბრალდების შესახებ. ჩვენამდე ასეთი 5413 ბარათია მოღწეული.

რაც შეეხება ჟანდარმერიის ფოტოკოლექციას, ის, ძირითადად, მინის ნეგატივებზეა შემონახული და მოიცავს 1904-1917 წლებში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოში მიერ დაპატიმრებული ადამიანების 5000-მდე ფოტოს, რომელიც მათ დაკავებისას გადაუღეს.

პატიმრებს შორის არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომელთაც თავისი საქმიანობის გამო ჟანდარმერიასთან პრობლემები ექმნებოდათ. მასალებში შეხვდებით მიხეილ ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, რაჟდენ არსენიძის, ანა სოლოღაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, იოსებ იმედაშვილისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოებს და ჟანდარმერიის ბარათებს.

ფოტოკოლექცია და ბარათები, გარდა მისი პირდაპირი შინაარსისა, მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, საუკუნის წინათ მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ მონაცემებზე, მათ ჩაცმულობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.

ეროვნული არქივი გეგმავს ჟანდარმერიის ფოტოებისა და ბარათების მდიდარი კოლექცია საზოგადოებას ვებპროგრამით წარუდგინოს. გარდა ამისა, დოკუმენტები ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2019 წლის ნოემბერში გამოფინება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930