22-10-2019
თბილისში, გუშინ ე.წ გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს.
„მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) 17.08.2015 წლიდან იხდიდა სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა). მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი (ნამკურნალები – 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს „კეტილეპტი“ 50 მგ. დღე-ღამეში.
მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. ბოლოს 27.08.2019–29.08.2019წწ მოთავსებული იყო N18 პენიტენციურ (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო 30.08.2019 წ. გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
21.10.2019 წ. დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე”, - აცხადებენ უწყებაში.