გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა

22-10-2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას მოადგილე და ოდნავ უფრო მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, თამარ კინწურაშვილი, რომელმაც თავი ტელევიზიის დახლართული ლოგოთი დაგვამახსოვრა, (სხვათა შორის ბიუჯეტს არხის „რებრენდინგი“ 800 ათას ლარამდე დაუჯდა), „სატელევიზიო მოღვაწეობის“ პერიოდში აქტიურად იყო დაკავებული საზმაუს პირველი არხის ქონების გაყიდვით.


საინფორმაციო-შემეცნებითმა პორტალმა NSP.GE-მ აწარმოა ჟურნალისტური მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორობის დროს და რა ფასად.


გარდა ამისა, პორტალი NSP.GE დაინტერესდა კინწურაშვილის დროს ხალხის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანიის ბიუჯეტიდან გაწეული სხვადასხვა ხარჯების, მათ შორის სასაჩუქრე ხარჯების კუთხით, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამ კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მფლობელობაში მყოფი იმ მსხვილი ობიექტების შესახებ, რომელიც ქალბატონი თამარ კინწურაშვილის მმართველობის დროს გასხვისდა.


ამასთან, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქონებების გასხვისება და სარეალიზაციო ფასები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც, ჩვენი შეფასებით, შესაბამისი უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.


მაშ ასე:


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ქალბატონი თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობას 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე იკავებდა.


საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მან ტელეკომპანიის მფლობელობაში არსებული ხუთი მსხვილი ობიექტი გაასხვისა:


ობიექტი #1 - 2006 წლის 25 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააფორმა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ. ობიექტის მდებარეობა - ძველი თბილისი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #12/7. აღნიშნულ მისამართზე გასხვისებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 395 კვადრატულ მეტრს, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სასარგებლო ფართობი 421 კვადრატულ მეტრს. გაყიდული ობიექტის სარეალიზაციო ფასი - 218 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ანუ, გამოდის, რომ ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აღნიშნულ ისტორიულ უბანში დაახლოებით 551 დოლარად გაასხვისა, ხოლო ამ ნაკვეთზე არსებული 421 კვადრატული მეტრის სასარგებლო ფართის მქონე შენობა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მყიდველს უსასყიდლოდ(?!) გადასცა. თუ აღნიშნულ ლოკაციაზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის საშუალო ფასს გავითვალისწინებთ, დღეის მდგომარეობით ფასი 2000 დოლარს და ხშირ შემთხვევაში მეტსაც შეადგენს. სამწუხაროდ, საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში არ არის დიფერენცირებული მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების სარეალიზაციო ფასი. ამ შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრი მიწის სარეალიზაციო თანხა, რა თქმა უნდა გაცილებით ნაკლები გამოვა.


ობიექტი #2: ძველი თბილისის პრესტიჟულ უბანში საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილი მიწისა და შენობა-ნაგებობის გასხვისებიდან დაახლოებით თვენახევარში ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა ტელევიზიის კუთვნილი კიდევ ერთი მსხვილი ობიექტი გაასხვისა.


ობიექტის ადგილმდებარეობა: დაბა ზაჰესი, მიწის ფართობი 3 018 კვადრატული მეტრი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ავტოტექმომსახურების ობიექტი, რომლის განაშენიანების ფართი 1 227,81 კვადრატული მეტრია, ხოლო სასარგებლო ფართი 838,73 კვადრატული მეტრი.


ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 44 130 დოლარად(?!) გაყიდა.


ანუ, როგორც წინა შემთხვევაში, თუ პირობითად ჩავთვლით, რომ კინწურაშვილმა შენობა-ნაგებობები მყიდველს აჩუქა, გამოდის, რომ მან ერთი კვადრატული მეტრი მიწა 14,6(?!) დოლარად გაასხვისა... ვიმეორებთ! ამ თანხაში არ იგულისხმება შენობა-ნაგებობების ფართი.


ობიექტი #3: 2006 წლის 27 დეკემბერს (ახალ წლამდე 4 დღით ადრე) ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა ამჯერად უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითად ლოკაციაზე არსებული(კოსტავას ქუჩა # 68) მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გაასხვისა.


მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და ამ ადგილას გაყიდულ 1 720 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთიდან, ერთ კვადრატულ მეტრში მყიდველმა სულ რაღაც 621 დოლარი გადაიხადა, მაშინ, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლადაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 1000 დოლარიდან იწყება. თანაც, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ქალბატონმა თამარმა დედაქალაქის ცენტრში ეს მიწა განვადებით(?!) გაყიდა.


ამასთან, როგორც წინა ორ შემთხვევაში, აღნიშნულ სარეალიზაციო თანხაში არაა ნაანგარიშევი მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობები და მისი ფასი...


რაც შეეხება თამარ კინწურაშვილის მიერ გასხვისებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე და მეხუტე ობიექტს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გაცილებით უფრო დიდ ობიექტებთან და შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობის ობიექტთანაც კი. მათთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE მოკვლევის დასკვნით ეტაპზეა და მასალას უახლოესი ორი კვირის მანძილზე შემოგთავაზებთ.


p.s. ვფიქრობთ, საინტერესოა, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ ქალბატონ თამარ კინწურაშვილს აღნიშნული ობიექტები გაესხვისებინა, მაშინ, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ პერიოდში უკვე საკმაოდ სერიოზულ დაფინანსებას იღებდა ბიუჯეტიდან. სავარაუდოდ, საქმე ფინანსური საჭიროების აუცილებლობასთან არ გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონი კინწურაშვილი ობიექტებს განვადებით არ გაასხვისებდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE ჟურნალისტურ მოკვლევას აგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930