გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ატლანტიკურმა საბჭომ აშშ-ს აზერბაიჯანთან "დიდი გარიგება“ შესთავაზა, რასაც ბაქოში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა

24-05-2026

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ატლანტიკური საბჭო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სთავაზობს, აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვაზე არსებული შეზღუდვები ბაქოში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების გათავისუფლებას დაუკავშიროს. იმ ადამიანების, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.


10 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში – “აშშ-ს “დიდი გარიგების“ დროა აზერბაიჯანთან“, ავტორები ენდრიუ დანიერი და მერსედეს საპუპო ვაშინგტონსა და ბაქოს შორის ახალი პოლიტიკური შეთანხმების მოდელს აღწერენ.


მათი იდეის მიხედვით, აშშ-ის კონგრესი გააუქმებს “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე მუხლს, რომელიც აზერბაიჯანისთვის ამერიკული სახელმწიფო დახმარების შეზღუდვას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი ბაქო გაათავისუფლებს “უსამართლოდ დაპატიმრებულ პირებს“.


ვის ეხება შეთავაზება


სტატიაში დასახელებულ პირებს შორის არიან ეკონომისტი გუბად იბადოღლუ, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება; “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადე, რომელსაც ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; “ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტი ულვია ალი და ადვოკატი ალასგარ მამადლი.


ოფიციალურად, ყველა მათგანს ფინანსური დანაშაულები ედება ბრალად, თუმცა თავად ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურ დევნას ეხება და მიზეზი ხელისუფლების კრიტიკაა.


სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა ბაქოში მყოფი ზოგიერთი სომეხი პატიმარიც გათავისუფლდეს.
ავტორები ამ მოდელს ბელარუსში განხორციელებულ პროცესს ადარებენ, როდესაც თეთრი სახლის შუამავლობით 500-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.


“დიდი გარიგების“ პოლიტიკური გათვლა


ატლანტიკური საბჭოს ავტორები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება, სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა ამ ინიციატივას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.


მათი შეფასებით, შეთანხმების პოლიტიკური სარგებელი მნიშვნელოვანი იქნება:
• შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავება;
• აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის დაჩქარება;
• თეთრი სახლისთვის საგარეო-პოლიტიკური წარმატების დემონსტრირება.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ 907-ე მუხლი ფორმალურად მხოლოდ იარაღის მიყიდვას არ ეხება, არამედ ის ზღუდავს აშშ-ის მთავრობის პირდაპირ დახმარებას აზერბაიჯანისთვის, მათ შორის სამხედრო მიმართულებითაც.


თუმცა, 2001 წლიდან მოყოლებული, ამერიკელი პრეზიდენტები ამ შეზღუდვას რეგულარულად აჩერებდნენ. თავად ტრამპმაც 2025 წლის აგვისტოში შეაჩერა მისი მოქმედება, ოფიციალური განმარტებით კი ეს გადაწყვეტილება ტერორიზმთან ბრძოლისა და აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას ემსახურებოდა.


ამ ფონზე, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ “დიდი გარიგების“ განხორციელების შემთხვევაში ვაშინგტონი ფაქტობრივად დაკარგავს ბაქოზე ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს.


სამხრეთ კავკასია და ამერიკული ინტერესი


სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც, ავტორების შეფასებით, რეგიონის მიმართ ვაშინგტონის უპრეცედენტო ინტერესს ასახავს.


ვენსის ბაქოში ვიზიტს თან ახლდა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა და თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება.


ატლანტიკური საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამშვიდობო პროცესისთვის – დააჩქაროს ან პირიქით, შეაფერხოს ის.


ავტორების აზრით, ბაქოში მყოფი ზოგიერთი სომეხი პატიმრის გათავისუფლება ხელს შეუწყობს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოზიციების გამყარებას და სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის გახსნას.


განსხვავებული რეაქციები აზერბაიჯანში


აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები არასტუნ ორუჯლუ და რაუფ მირკადიროვი აღნიშნავენ, რომ დასავლეთისთვის მთავარი პრიორიტეტები კვლავ ენერგეტიკა, უსაფრთხოება და “შუა დერეფნის“ სატრანზიტო მარშრუტია, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებები და პოლიტპატიმრების საკითხი მეორეხარისხოვნად რჩება.
ამიტომ, ატლანტიკური საბჭოს შეთავაზება ბევრისთვის უკვე ნაცნობ პოლიტიკურ ფორმულად აღიქმება: სტრატეგიული ინტერესები ისევ წინ დგას, ხოლო პატიმრების საკითხი ამ პაკეტს მხოლოდ ემატება.


ზოგიერთი უფლებადამცველისთვის ეს კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების შანსია; სხვებისთვის კი “ადამიანის უფლებებით ვაჭრობის“ რისკი.
უფლებადამცველმა არიფ იუნუსმა ადრე განაცხადა, რომ სომეხი პატიმრების, მათ შორის უვადო პატიმრების გათავისუფლება შესაძლოა პოლიტიკური დათმობების ნაწილად იქცეს.


საპირისპირო პოზიციას გამოხატავს ხელისუფლებასთან დაახლოებულად მიჩნეული ანალიტიკოსი ელხან შაჰინოღლუ, რომელიც ფიქრობს, რომ ყოფილი არაღიარებული “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ წარმომადგენლის, რუბენ ვარდანიანის დაკავება შესაძლოა პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იყოს თავად ერევნისთვის.


907-ე მუხლი და პოლიტიკური სიმბოლიზმი


მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიას ატლანტიკური საბჭოს სტატიაზე პირდაპირი რეაქცია არ ჰქონია, ბოლო თვეებში ისინი აქტიურად მოითხოვდნენ 907-ე მუხლის სრულ გაუქმებას.


იანვარში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მას “აბსოლუტურად აბსურდული“ უწოდა, ხოლო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მედიამ მუხლი ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების მთავარ ბარიერად წარმოაჩინა.


ექსპერტების შეფასებებიც განსხვავებულია:
● აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა 907-ე მუხლს “პოლიტიკურ ანაქრონიზმად“ მიიჩნევს;
● კომენტატორი ენდრიუ კორიბკო ამბობს, რომ მისი გაუქმების პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა კონგრესში სომხური ლობი კვლავ წინააღმდეგობას უწევს;
● ექსპერტი ელდენიზ ამიროვი მიიჩნევს, რომ მუხლის მთავარი დატვირთვა სიმბოლური და პოლიტიკური უფროა, ვიდრე ეკონომიკური;
● პოლიტოლოგი მიატინ მამადლი ფიქრობს, რომ მისი გაუქმება სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის გავლენას გააძლიერებს.


მორალური და პოლიტიკური დილემა


ადამიანის უფლებათა და მედიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებისთვის მთავარი კითხვა სხვა მიმართულებით ისმის: თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება გეოპოლიტიკური შეთანხმების ნაწილად იქცევა, ხომ არ შექმნის ეს მომავალში “გაცვლითი დიპლომატიის“ ახალ მოდელს?
პრაქტიკული პრობლემაც აშკარაა. აზერბაიჯანში დაკავებული ბევრი პოლიტპატიმარი და ეთნიკური სომეხი ბრალდებულია “განსაკუთრებით მძიმე“ დანაშაულებში, რის გამოც მათზე 2025 წლის ამნისტია არ ვრცელდება.


ასეთი საქმეები, როგორც წესი, პრეზიდენტის ინდივიდუალურ შეწყალებას ან ცალკე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს.


სწორედ ამიტომ, ატლანტიკური საბჭოს გეგმის განხორციელება არა იმდენად სამართლებრივ პროცედურებზე, არამედ ბაქოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.


ჯერჯერობით ინიციატივას აზერბაიჯანში ფართო საზოგადოებრივი დისკუსია არ გამოუწვევია, თუმცა უკვე ნათელია, რომ თუ ვაშინგტონი ამ მოდელის წინ წაწევას შეეცდება, მთავარი კამათი არა მხოლოდ აშშ-სა და აზერბაიჯანის დაახლოებაზე, არამედ ამ პროცესის პოლიტიკურ და მორალურ ფასზეც გაიმართება.


jam-news.net

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031