23-10-2019
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს არის პირველი მსგავსი აქტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს შეეხება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას ამ გადაწყვეტილების გამო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს. ეს აქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობები დღეს არის უმაღლეს დონეზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა და ყველამ უნდა შეასრულოს მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით თავის დროზე მიღწეული შეთანხმება.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოხვდება სანქციების ქვეშ და ამერიკის შეერთებული შტატები ამას გაითვალისწინებს. ასევე არის მნიშვნელოვანი მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, რომ მან დააჩქაროს საქართველოსთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
აქტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და საშუალებას მისცემს როგორც საქართველოს ეკონომიკას განვითარდეს, ასევე ამერიკულ კომპანიებს, ჰქონდეთ წვდომა კიდევ უფრო დიდ ბაზრებთან, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კანონში გაჟღერებულია ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს აქტი იყოს მიღებული სენატში. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტს მოწინააღმდეგე არ ჰყავს - ის სარგებლობს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის სრული მხარდაჭერით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოხატავს მადლიერებას ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიმართ ამ აქტის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.