გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის იმ წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის დადასტურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს

24-10-2019

საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალი ხარისხის პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობაზე. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული.

„მსურს აღვნიშნო, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტშია ხაზგასმული. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის გაძლიერების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც ამ აქტში იყო გამოთქმული შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქტის ეკონომიკური კომპონენტი, სადაც ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება. ეს ყველაფერი სრულიად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

ეს არის დადასტურება იმ წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ იმავე შემართებით, კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930