„ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას პირველ ორ მნიშვნელოვან საკითხთან - პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან და სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეთანხმება რომელიც პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს შეეხება, გულისხმობს პროპორციულ, რეგრესულ მოდელს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რამდენ ხმასაც მოიპოვებს არჩევნებში. ის პოლიტიკური პარტიები კი, რომელიც შედარებით მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, ამ მექანიზმით პროპორციულზე მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმება ასევე პრაქტიკულად მიღწეულია სარეკლამო დროის განაწილებაზე. „ეს არის უფრო სამართლიანი მოდელი, რომელიც არჩევნებში რეალური შედეგების მქონე პოლიტიკურ პარტიებს აძლევს უფასო სარეკლამო დროს, რომელიც მათ გამოადგებათ თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს მზადყოფნა რათა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა მნიშნელოვანი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში.