გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ISFED: საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ, ორგანიზებულ ვითარებაში ჩაიარა

28-10-2019

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) შეფასებით, არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ, ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
"არჩევნების დღეს, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, ყველა (7-ვე) საარჩევნო უბანზე, მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზების და მათ მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას. რიგ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას კოორდინატორები საკუთარ ავტომობილებში აწარმოებდნენ. ლაგოდეხის 25-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებული იყო მაგიდები, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველს კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, სიების მეშვეობით აღრიცხავდნენ.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა. ამასთან, ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

„სამართლიანი არჩევნები“ მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ წარსულში ზემო-აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ გაკეთებული არაერთი მოწოდების და რეკომენდაციის მიუხედავად, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პარტიული კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლის აღრიცხვის შემთხვევები კვლავ განმეორდა და მასშტაბური სახე ჰქონდა"-აცხადებენ ორგანიზაციაში.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 27 ოქტომბრის საკრებულოების შუალედურ არჩევნებს ყველა საარჩევნო ოლქში, კერძოდ, ლაგოდეხის 4 საარჩევნო უბანზე, მარტვილის 2 საარჩევნო უბანზე და ადიგენის 1 საარჩევნო უბანზე დააკვირდა.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის შეხედულებებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930