29-10-2019
31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა. მისი აღნიშვნა საქართველოშიც ტრადიციად იქცა და წელს ის მერვედ აღინიშნება. ამ თარიღისადმი მიძღვნილ აქტივობებს კვირეულის სახე ექნება, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით დაიგეგმა. ღონისძიებაში, ეროვნულ ბანკთან ერთად, 7 ქართული კომერციული ბანკი მონაწილეობს: ფინკა ბანკი საქართველო, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი, საქართველოს ბანკი და ტერა ბანკი.
დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას საქართველოს ეროვნული ბანკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის თანამშრომლები, როგორც დესპანები ფინანსური განათლების გავრცელებაში თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლას ესტუმრებიან. თანამშრომლებთან ერთად, დაზოგვის კვირეულში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. გაკვეთილები ჩაუტარდება IV-VI კლასების 450-მდე მოსწავლეს. ეროვნული ბანკის თანამშრომლები მსოფლიო დაზოგვის თარიღთან ერთად ბავშვებს გააცნობენ ცენტრალური ბანკის ძირითად ფუნქციებს, ფულის წარმოშობის ისტორიას, ფულის დაზოგვის მნიშვნელობასა და საჭიროებას.
გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს 6 ქალაქის 20 სკოლაში მოსწავლეები ჩაერთვებიან ,,დაზოგვის სამაგიდე თამაშში“, რომლის მიზანია მაღალკლასელებში ფინანსური განათლების დონის გაზრდა და დაზოგვის კულტურის ამაღლება.
კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილე კომერციულ ბანკები საკუთარ ფილიალებში, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში არაერთ აქტივობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ შექმნილია დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე, საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.
მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში დანაზოგების წახალისების და დაზოგვის კულტურის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.