გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

31-10-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, თბილისს გაზაფხულზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

“იგი გახლავთ ლიდერი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახლო თანამშრომლობა ჰქონდა. მჯერა, რომ ძვირფასი მეგობრის ლიდერობისას საქართველო განაგრძობს განვითარებას და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. შეხვედრაზე ჩვენი ისტორიული კავშირები, ერთობლივი ფასეულობები და მეზობლობით ჩვენთვის მოტანილი შესაძლებლობები განვიხილეთ. დღეს მითითება მივეცი საგარეო საქმეთა მინისტრს და უახლოეს მომავალში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს შეხვედრა. ჩვენს მეგობარ საქართველოსთან ვაჭრობიდან ტურიზმამდე, ენერგეტიკიდან თავდაცვამდე, ყველა სფეროში განვითარებადი ურთიერთობები გვაქვს. მჯერა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება. მოძმე აზერბაიჯანთან ერთობლივმა ენერგო და სატრანსპორტო პროექტებმა კავკასიიდან ანატოლიისკენ სტაბილურობის სარტყელის შექმნა უზრუნველყო. სტრატეგიული ხედვით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენს, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად განხორციელებული ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტიც მივამატეთ, რითაც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი რეგიონი ცენტრად ვაქციეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ტრანსპორტირების საკითხში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ კუთხით ისტორიული ნაბიჯია. ამ სარკინიგზო ხაზის გახსნით 3 მეგობარი ქვეყანა კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ლონდონიდან პეკინამდე გადაჭიმული მარშრუტის შუაგულში მდებარე მნიშვნელოვან ხაზს წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი კავშირები მხოლოდ მილსადენებისა და სარკინიგზო ხაზებისგან არ შედგება. 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად, არა მხოლოდ ვიზები გავაუქმეთ, არამედ უზრუნველვყავით უპასპორტო მიმოსვლა. საქართველოსთვის, სადაც ჩვენს მოქალაქეებს პირადობის მოწმობებით შეუძლიათ მოგზაურობა, თურქეთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, რითაც ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ. ვადასტურებ ჩვენს ნებას, ურთიერთსარგებლის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ნება, რომ 1,5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამ ფარგლებში, თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გამარტივების პოტენციალით მეტად სარგებლობისთვის, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ და ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ძალიან მალე ანკარაში გასამართი თურქეთ-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა იქნება”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილული იყო უსაფრთხოების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ქართველი და თურქი სამხედროების მონაწილეობით, რეგულარულად იმართება.

“საქართველოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თურქეთსა და საქართველოში ერთობლივი წვრთნების ჩატარება წელსაც გავაგრძელეთ. 2200-მდე ქართველმა სამხედრო პერსონალმა თურქეთში ჩატარებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა კურსებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოა თურქეთისთვის წინაპრების სამშობლოში მყოფ ძმებთან დამაკავშირებელი ხიდი, ასევეა თურქეთი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების ჯანსაღი ფორმით დამყარებაში სტრატეგიული ხიდი.

“მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ძვირფას დელეგაციას ნაყოფიერი ვიზიტისთვის. უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, მზად ვარ, მივიღო თქვენი მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, გაზაფხულზე”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930