14-11-2019
ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებასთან დაკავშრებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო როგორც განათლების სისტემური რეფორმის მომზადების, ასევე შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით, ჩართული იყო როგორც ამ რეფორმის მომზადების, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებდა ეს რეფორმა და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას და განათლების მინისტრს დაავალა, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.