15-11-2019
პარლამენტის პირველმა ყოფილმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები არ უკვირს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შედეგად იმედგაცრუებულია.
ჩუგოშვილის განმარტებით, მას ძალიან გაუჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დამდგარი შედეგის ახსნა.
„ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედაქალაქში ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა და გადაცემა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები იმიტომ, რომ პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. მე თვითონ ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის, რომ მათი მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა. გუშინდელი კენჭისყრის მიმართ იყო ძალიან დიდი მოლოდინი და შესაბამისად, შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩუგოშვილის თქმით, ამას დამატებითი კონსულტაციები და დრო სჭირდება. მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, ამ დროისთვის, დაგეგმილი არ აქვს.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემაც დატოვა.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.