19-11-2019
მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ ახალ ინიციატივას ყველა სხვა სისტემასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს.
„მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.
სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს.
ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები.
ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ეს სისტემა არა მხოლოდ აფერხებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, აგრეთვე არაპარტიულ კანდიდატებს, აქტიურად ჩაებან არჩევნებში და მოიპოვონ გამარჯვება”- - ნათქვამია განცხადებაში.