20-11-2019
ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში მისმა ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა მოინახულა. როგორც იურისტმა "ეხო კავკაზასთან" საუბრისას ივარაუდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასამართლო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
"შემიძლია, გითხრათ, რომ ვაჟა ნორმალურადაა, არანაირ ბრალეულობას არ გრძნობს. ყველაფერი იმის გამოა, რომ მას ეკლესიაში უნდოდა ჩასვლა სალოცავად. სულ ესაა, მეტი არაფერი. ვაჟამ მოკითხვა დამაბარა მეუღლესთან, ყველა მის ნაცნობთან, ასევე მთხოვა, ყველას გადავცე, რომ ყველაფერი ნორმალურადაა და სამართალი იზეიმებს",- განაცხადა ფიდაროვმა.
ოკუპანტებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.