25-11-2019
"ქართული ოცნების" წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან. საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე საკითხის განხილვას გეგმავს. მათ შორის არის 2 ვიცე-სპიკერისა და 3 კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა.
დღესვე მმართველი გუნდი დიმიტრი ხუნდაძისა და აკაკი ზოიძის ინიციატივებთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განმარტებით, დღეს სხდომაზე ყველა მნიშვნელოვან თემაზე გაიმართება მსჯელობა:
"იქნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე. რა თქმა უნდა, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის წამოჭრილი. რაც შემეხება მე, მხარს შერეულ საარჩევნო სისტემას ვუჭერ," - აღნიშნა ხაბარელმა.
უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, გუშინდელ შეხვედრაზე უმრავლესობამ გარკვეულ მოდელზე იმსჯელა. მისი შეფასებით, წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ვერ გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, პარტიის ოფისში გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.