25-11-2019
„დიპლომატების პოზიცია და ჩვენი პოზიცია კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. დიპლომატებმაც თქვეს ის, რაც ჩვენ ვთქვით კენჭისყრის შემდეგ, რაც თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ყველა იმ ლიდერმა, ვინც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. ჩვენ ვთქვით, რომ ვართ იმედგაცრუებული რადგან ვერ გავიდა ეს გადაწყვეტილება. სწორედ, იგივე თქვეს ელჩებმა - მათ გამოხატეს ანალოგიური პოზიცია. ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ საჯარო განხილვები, ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე, გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია ასევე, გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისხედით და ვმუშაობდით. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება - სწორედ ეს პოზიცია ჰქონდათ დიპლომატებს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათი, განცხადებები ჩვენი მხრიდან აღქმული არის, როგორც მეგობრების პოზიცია“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედში, გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს დასავლელი პარტნიორები გაკეთებული განცხადებით მხარეებს მოუწოდებენ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
"პოლიტიკური პროცესი ამით არ წყდება. მიმაჩნია, რომ უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ 2020 წლის არჩევნების შესახებ. მაჟორიტარულ ნაწილში ეს არჩევნები გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტული იმიტომ, რომ პროპორციულ ნაწილში, დღევანდელი მოცემულობით არჩევნები ჩატარდება 2020 წელს ზუსტად ისე, როგორც ამას ითხოვდა ოპოზიცია. ისინი ითხოვდნენ დაგვიტოვეთ ბლოკები, 3% იანი ბარიერი და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემითო. 2020 წელს, პარლამენტის ერთი ნახევარი სწორედ, ამ მოთხოვნების მიხედვით დაკომპლექტდება. მეორე ნახევარზე, (რომელიც მაჟორიტარულ მანდატებს გულისხმობს) დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, გავხადოთ ეს ნაწილი კიდევ უფრო კონკურენტული. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი ხედვა, ოპოზიციამაც გვითხრას თავისი სათქმელი. იმ პირობებში, როდესაც ერთი მხარე ითხოვს პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, მეორე მხარე ითხოვს ამერიკული და ბრიტანული მოდელების განხილვას, მესამე მხარე ითხოვს, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და პლებისციტი - მე ამ პირობებში ვერ ვხედავ რესურსს, დღეს რომ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდეს და მისი მიღება მოხდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებით, თუ დავუჯერებთ, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ათი ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერიდან რვა ოპოზიციური ლიდერია.
„როდესაც ოპოზიცია საუბრობს გამოქვეყნებულ კვლევებზე, სადაც თითქოს ათი ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერიდან რვა ოპოზიციურია; თუ კვლევის ეს შედეგები მართალია, ეს ხომ ნიშნავს რომ ოპოზიცია მაჟორიტარებად თავის მაღალრეიტინგულ ლიდერებს თუ დააყენებს მინიმუმ 8 სხვადასხვა ოლქში, ისინი გამარჯვებული იქნებიან?! ოპოზიცია ამ კვლევით და თავიანთი ანალიზით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია საერთოდ არ აქვს და მათ პარტიებს ემხრობა ხალხი. თუ მათ ჰყავთ 8 მაღალრეიტინგული ლიდერი და ჩვენ მხოლოდ ორი გვყავს, თუ ჩვენს პარტიას საერთოდ აღარ აქვს ხალხის მხარდაჭერა და მათ პარტიას აქვს ის მაღალი მხარდაჭერები, რაც ამ კვლევებში აქვთ მოცემული, მაშინ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მითუმეტეს როდესაც ნახევარი ზუსტად ისე ტარდება, როგორც ისინი ითხოვდნენ, ხოლო მეორე ნახევარზე - მაჟორიტარულზე, დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.