მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ბერაია დაიკავებს, რომელიც სოფო ქაცარავას ჩაანაცვლებს. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა, რომელიც თამარ ხულორდავას ჩაანაცვლებს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც კახა კუჭავას ჩაანაცვლებს. განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას კი გენადი მარგველაშვილი დაიკავებს, რომელიც მარიამ ჯაშს ჩაანაცვლებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს გურამ მაჭარაშვილი, რომელიც გიორგი კახიანს შეცვლის.
ცნობისთვის, კომიტეტებში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. უმრავლესობა დატოვეს იმ დეპუტატებმა, რომლებსაც ვიცე-სპიკერის და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები ეკავათ. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პირველი ვიცე-სპიკერი იყო, ზვიად ძიძიგური, უკვე ყოფილი ვიცე- სპიკერი, მარიამ ჯაში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თამარ ხულორდავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სოფო ქაცარავამ, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, უმრავლესობასთან ერთად, დეპუტატის მანდატი დატოვა. ვინაიდან გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერებად დაინიშნებიან, ისინი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს დატოვებენ.