გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: რაიმე სახის ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2020 წლისთვის უბრალოდ შეუძლებელია

25-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში წამყვანის, გურამ ნიკოლაშვილის დასმულ კითხვაზე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაესრულებინათ ყოველგვარი დისკუსია და მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც იწვევს ოპოზიციის აჟიოტაჟს. თუ შეფასდა რისკები, გიორგი კახიანმა უპასუხა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იქიდან, რომ ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს არსებულ რეალობას.

„რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს დავდექით სწორედ ამას გვეუბნება, რომ რაიმე სახის ცვლილების განხორციელება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2020 წლისთვის დღეს უკვე უბრალოდ შეუძლებელია. ამის ძალიან მარტივი ახსნა შეიძლება, კერძოდ ის, რომ საარჩევნო სისტემის ნებისმიერ ცვლილებას, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, მათ შორის იმ გერმანულ მოდელსაც, რაზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ. ალბათ დამეთანხმებით და ვფიქრობ, ამ განვლილმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში რესურსი იმისა, რომ კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილება განხორციელდეს, მით უმეტეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ არსებობს“-აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმითვე, სწორედ ამიტომ ამ თემაზე საუბარს მმართველი პარტია ამოწურულად მიიჩნევს.

"2020 წლის არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის შერეული საარჩევნო სისტემა, როდესაც 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, 77 პროპორციული წესით“-აცხადებს დეპუტატი.

გიორგი კახიანის თქმით, რაც შეეხება შემდგომ არჩევნებს, ჩვენ გადავალთ ჩვეულებრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ისე, როგორც ეს გაწერილია კონსტიტუციაში და ეს მოხდება 2020 წლის არჩევნების შემდგომ.

„ხშირად ამბობენ, რომ 2024 წელს გადავალთ ამსისტემაზეო. 2024 წელს არა, როდესაც საჭირო გახდება შემდეგი არჩევნების ჩატარება, ანუ 2021 წელს რომ გახდეს საჭირო პირობითად რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაშინაც ეს იქნება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები“ -განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაც ამას ძალიან სწორად შეხედავს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ გარკვეული პროტესტი გააჩნიათ. თუმცა, დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ საუბარი უნდა გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში და დებატები უნდა გაგრძელდეს უკვე პარლამენტში. რათა 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემის პირობებში, მაგრამ გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსის პირობებში ჩატარდეს. უნდა გაიმართოს დისკუსია და დებატები ახლა რეგულაციებზე, რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში იმისათვის, რომ ეს არჩევნების კიდევ უფრო სამართლიანი და დემოკრატიული იყოს.

სატელევიზიო გადაცემაში ჩართვისას გიორგი კახიანმა ჟურნალისტის კითხვაზე ოპოზიციის საპროტესტო ქციებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ ჩვეულებრივ კონსტრუქციულ რეჟიმში ვაგრძელებდეთ ჩვენ საპარლამენტო საქმიანობას და დამატებით საპროტესტო აქციები არ იყო აუცილებელი, ეს იქნებოდა არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი, მაგრამ ოპოზიციას თავისი არჩევანი აქვს, მათ შეუძლიათ გააგრძელონ ეს საპროტესტო აქციები. სიმართლე გითხრათ უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს არანაირი შედეგის მომცემი მათთვის არ იქნება, უფრო მეტიც, შესაძლოა მათთვის დამაზიანებელიც კი იყოს ის პოლიტიკური პერფორმანსები რასაც ისინი დგამენ. იმიტომ ,რომ მე თუ მკითხავთ ძალიან უნიჭოდ დადგმულ პოლიტიკურ პერფორმანსებს ვადევნებთ თვალს, იქნება ბოქლომების დადება თუ ასე შემდგომ.

მე ვფიქრობ, რომ უკვე რუსთაველზე გაშლილი კარვების პერიოდი მგონი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და არ მგონია, რომ ეს მოსახლეობას მოწონდეს“.

მისი თქმით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების რეალიზებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როდესაც ეს არაკანონიერ სახეს იღებს, ისეთი როგორც არის პარლამენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მცდელობა იმისა, რომ პარლამენტის ფუნქციონირებას პრობლემები შეექმნას, ეს დაუშვებელია და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ისე, როგორც სულ რამდენი ხნის წინ იყო პროპორციული და ადეკვატური ქმედება სახელმწიფოსგან.

გიორგი კახიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც უკანასკნელ ხანს განვითარდა. ჟურნალისტის კითხვაზე - თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან მას შემდეგ რაც თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ აღარ რჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ პარტიები მოემზადონ და მივიდნენ არჩევნებამდე, რომელიც ჩატარდება იმ ფორმით რაც დიდი ხანია განსაზღვრულია? მან უპასუხა - „მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება არის, ეს იმედგაცრუება იყო მათ შორის უმრავლესობის უმრავლესობაშიც, მაშინ როდესაც ჩვენ ვერ შევძელით იმ ცვლილების განხორციელება რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, მაგრამ გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და რეალობა არის ის რომ საარჩევნო სისტემის ნაწილში ვერაფერი ვერ შეიცვლება, ამის არანაირი რესურსი არ არსებობს, იმიტომ რომ ცვლილებებს სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები, რაც არის წარმოუდგენელი. ეს უკვე აჩვენა განვლილმა მოვლენებმა. ამიტომ ეს თემა ჩვენ დავხურეთ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას რაც შეეხება. თუმცა, კოდექსში ცვლილებებზე ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, სასაუბროდ. ამასთანავე გერმანული მოდელი ახსენეთ თქვენ. გერმანული მოდელის ავკარგიანობაზე რომც არ ვისაუბრო, არ აქვს მნიშვნელობა მე მომწონს თუა არა. დღეს კიდევ მოვისმინე, რომ გერმანულ მოდელში გარკვეული ცვლილებები, ქართული ვარიანტი, ახალი კანონპროექტი შეუდგენიათ. მე ჯერ ეს არ მინახავს, მაგარამ გერმანული მოდელი თავისი არსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. გერმანული მოდელის არსის შესაბამისად არჩევნები რომ ჩავატაროთ საქართველოში ამისათვის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული, ეს არის პერსონალიზებული საარჩევნო სისტემა განსხვავებით იმ სისტემისგან რომელსაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა. ამიტომ გერმანული მოდელის იმპლემენტაცია კანონმდებლობაში არის შეუძლებელი კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე. კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების რესურსი კი ხედავს საზოგადოება არ არსებობს. ამიტომ გავუსწოროთ რეალობას თვალის და ნუ წარმოვაჩენთ ისე სურათს, რომ შერეული მოდელი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის ცუდი საარჩევნო სისტემა, სრულიადაც არ არის ასე“.

მან ასევე იმ განსხვავება ისაუბრა, რაც 2016 წლის არჩევნებისგან განასხვავებს ახალ მოდელს, ესაა 3%-იან ბარიერი. -„მაშინ როდესაც 5%-იანი ბარიერი არსებობდა. 3%-იან ბარიერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930