26-11-2019
„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგადოებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს პარლამენტი და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
თალაკვაძის განცხადებით, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებისთვის და ქვეყნის მომავალის განვითარებისთვის არის საჭირო, პენსიონერებს გაეზარდოთ პენსია, ექიმებს, პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს გაეზარდოთ ხელფასები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოემატოთ პენსია. სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ დახმარება, რეგიონების თუ დედაქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გაგრძელდეს - პარლამენტი მუშაობს ამაზე და სესიის ბოლომდე ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებას ვერავინ დაბლოკავს და სამუშაო პროცესი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან.
„მოსწონს ოპოზიციას თუ არა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები, არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკური პროცესი იქნება პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ, პოლიტიკურ პროცესს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.