26-11-2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან პირდაპირ ეთერში, საკმაოდ ღიად, დაუფარავად იყო ლაპარაკი რევოლუციურ სცენარზე, რასაც ქადაგებდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და კონკრეტული სქემაც იყო წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს ყველაფერი და რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყო საქმე არჩევნებამდე.
„გარკვეული გარემოებების გამო, ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ეჭვები კიდევ ერთხელ განახლდა არა მარტო ჩემში, არამედ ბევრ ადამიანში, ვისაც ველაპარაკე, საკმაოდ ფართო წრე გვყავს მეგობრების ნაცნობების, მათ შორის, განსწავლულების პოლიტიკის სფეროში. როგორც კი ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ პროპორციული არჩევნები არის ის საწყისი, რაზეც შეიძლება აიგოს გარკვეული კონსესუსი, მიუხედავად დაპირისპირებისა და კოალიციური პასუხისმგებლობის წინაპირობა შეიქმნას სტაბილურობისათვის, იმ დღიდან მოყოლებული, არა თუ მეორე დღიდან, განცხადების პერიოდიდან მოყოლებული, არც ერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებებისა და დესტრუქციული განცხადებების გარეშე“, - განაცხად გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამ დესტრუქციის კულმინაციამ იმ დროს მიაღწია, როცა პარლამენტი იხილავდა მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით: „ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა. აი მაშინ, მე არა თუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვან წილად დავეთანხმე იმ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობაზე, ქვეყნისთვის იქნებოდა მნიშვნელოვნად დამაზიანებელი“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
დეპუტატი ფიქრობს, რომ პროპორციული არჩევნები მაინც გამოსავალია ქვეყნისათვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, რათა ქვეყანა არ წასულიყო დაშლისაკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც ესოდენ უნდა ვერიდოთ.
„მეორე საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. აქ შემოსვლისას ჟურნალისტებმა მკითხეს, მიქმნიდა თუ არა უხერხულობას ის, რომ პოლიციითაა გარშემორტყმული პოლიტიკური ორგაო. რა საკვირველია ეს უხერხულობა არსებობს, მაგრამ ეს უხერხულობა არის ძალიან მცირე, ნამცეცი იმ უხერხულობასთან, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება შეექმნას, თუ კი ჩვენ მუშაობას არ გავაგრძელებთ, ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურები. და კიდევ ერთი, ყველას გახსოვთ, რომ ბიუროსთან მოსვლის თემები იყო დღის წესრიგში. 2004 წელს ჩემი ბიუროს კუთხეში მოსული 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ პირველივე შეძახილისთანავე არ დაემორჩილა პოლიციას და, შემდეგ, მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს. მართალია ბევრია იქ ორგანიზებული ყოფილი კმარელები, თუ დღევანდელი კმარელები, მაგრამ არის ხალხი, არიან ახალგაზრდები, ვისაც ამასთან ემოციური კავშირი არა აქვს, მაგრამ უნდა ახსოვდეთ ვის გვერდით დგანან და რა მოთხოვნებს ემორჩილებიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.