გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს

27-11-2019

საქართველო, დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარებს, რომელიც დღეს ქალაქ სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან გადაეცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი – ამელი დე მონშალენი გადასცემს.

საგარეო უწყების ცნობით, თავმჯდომარეობის გადაცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

უწყება განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, დღეს ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელზეც ქართული ანბანი და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი. შემდეგ კი, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის,  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ტრამვაი ქართული ანბანითა და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი სტრასბურგში ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს.

ამასთან, საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ კონცერტი.

საგარეო უწყების ცნობით, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

თავმჯდომარეობის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930