27-11-2019
რუსული მედიის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. ამის შესახებ ცნობას „იზვესტია“, საკუთარ სახელისუფლო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამას ხელი საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეუშალა.
„იზვესტიასთან“ საუბრის დროს ანონიმურმა სახელისუფლო წყარომ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისთვის საქართველოში არსებული ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ჯერჯერობით უსაფრთხოების საჭირო ნორმა არ არის, რადგან საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს დემონსტრაციები.
ამასთან ერთად, რუსული გამოცემა საკუთარ სახელისუფლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოსთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.