27-11-2019
დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსები ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანია „სისტრას“ კვლევით დადგინდა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქისთვის, შიდასაუბნო დონეზე მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა არ შემცირდეს.
„ყველა ჩვენი აქტივობის დროს, ეს იქნება საუბარი სხვადასხვაპროექტზე, ჩემი ვიდეომიმართვები თუ ახალი ავტობუსების წარდგენა, მოსახლეობის მხრიდან ყოველთვისისმება შეკითხვა, რა იქნება მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდის ჩანაცვლდება ისინი. ეს კითხვები ლეგიტიმურია, რადგან არავის მოსწონს მიკროავტობუსების მდგომარეობა და გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტი. ბოლო პერიოდში, რაც ჩვენ ახალი ავტობუსების შემოყვანა დავიწყეთ, ძალიან იკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. ცხადია, ყველას აქვს სურვილი, განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს. აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ დაგვიფიქსირებია და ამის მიზეზსაც გეტყვით: ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება და ის ახორციელებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ანალიზს. ჩვენთვის გარკვეული პერიოდი საერთოდ უცნობი იყო, საჭირო იყო თუ არა საერთოდ მიკროავტობუსების არსებობა დედაქალაქში. როგორც იცით, კვლევა ჩაბარებულია, ანალიზიც გაკეთებულია. ქალაქის რელიეფის თავისებურებებიდან, ქუჩებისა და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება. მითუმეტეს, სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი ავტობუსების შემოყვანას - 18 და 24-მეტრიანების. შესაბამისად, კვლევამაც გვიჩვენა, რომ მიკროავტობუსების არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანია. მთავარი ის არის, რომ საზოგადოებას კი არ უნდა შეუმცირდეს ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა, არამედ გავუზარდოთ. მიკროავტობუსების როლი შიდა საუბნო დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლევა გვაჩვენებს, რომ ისინი აუცილებელია. შეიძლება არა იმ რაოდენობით, რაც თავდაპირველად იყო, მაგრამ მათი ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან საჭიროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია, რათა 2020 წლიდან არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს.
„გვაქვს მეორე პრობლემა - მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და საზოგადოების მხრიდან მითითება იმაზე, თუ როდის ჩანაცვლდება ისინი, არის ლეგიტიმური. ჩვენ დღემდე ამაზე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობდით, დასკვნას ველოდებოდით, რომ შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაგვედგა.
მიკროავტობუსებს აქვს გამონაბოლქვი, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი და ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მიუღებელია მათი ამ მდგომარეობაში ხილვა მაშინ, როდესაც ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება-ჩანაცვლება გვაქვს დაწყებული. მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდო, როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს - რაც შეიძლება სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია იქონიოთ შესაბამის კომპანიასთან. მოგეხსენებათ, რომ მიკროავტობუსები არის კერძო კომპანიის საკუთრება და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 2030 წლამდეა. დაიწყეთ მათთან მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. ჩემთვის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. ორ კვირაში კონკრეტული გეგმა წარმოადგინეთ, რომ 2020 წლიდან უკვე ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, 2020 წლის დასაწყისში ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანად ჩანაცვლება და მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვა იგეგმება.
„ორი წელია, რაც თბილისის მერიაში ვართ მოსულები და დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯებიგადავდგით. საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა წარვუდგინეთ და შემდეგ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ვაგონების დამატება,არსებულის რეაბილიტაცია-განახლება. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში გვინდა, გამოვაცხადოთ შესყიდვა ახალ, ევროპული ტიპის 40 ვაგონზე. მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. ყვითელი ავტობუსებიცქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მგზავრობა არაკომფორტულიადა აქვს გამონაბოლქვი. ამიტომ დავიწყეთ ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და 2020 წლის დასაწყისში ვფიქრობთ, რომყვითელი ავტობუსების არსებულ პარკს მთლიანად ჩავანაცვლებთ. დამატებით გვინდა, 100 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვა. მთავარი მიზანი არის, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტად მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლებად კერძო ავტომობილები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.