30-11-2019
ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული თვალთვალის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა.
აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია"-აცხადებენ სუს-ში.