გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადრეული შეტყობინების ახალი პროექტის მეშვეობით, 1.7 მილიონი ადამიანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცული იქნება

3-03-2018

საქართველომ მრავალმხრივი კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად 70 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.


პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და 1.7 მილიონი ადამიანის უკეთ დაცვას წყალდიდობისა და წყალმოვარდნისაგან, გვალვისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.


„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები, ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია შევამციროთ გარემოსდაცვითი რისკები. ახალი პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ უკეთ დავიცვათ საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დამანგრეველი წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებისგან“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


პროგრამა, რომლის სახელწოდებაა „საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება“, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და ის 7 წელზეა გათვლილი. მისი დაფინანსება შედგება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტისგან (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილისგან (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტისგან (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამის უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.


საქართველოში ჩატარებული შეფასებებისა და პარიზის შეთანხმებაში „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (INDC) დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გაატარებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომებს, მისი ზარალი 2021 – 2030 წლებში 10-დან 12-მდე მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ამავე შეფასებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომების ღირებულება დროის ამავე პერიოდში 1.5-2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობაში ინვესტირება მომგებიანია როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. საქართველოში რისკების მართვა კვლავაც რეაქტიულ ხასიათს ატარებს და უკვე გამოვლენილ რისკებზე რეაგირებას მოიცავს. ასეთი მიდგომა განაპირობებს მაღალ ხარჯებს ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა კომპენსაციებზე და კატასტროფის შემდგომ აღდგენაზე, ისევე როგორც ეკომიგრანტების რიცხვის ზრდას. პროექტის განხორციელების შედეგად, კლიმატური საფრთხეების მართვის პარადიგმა საქართველოში შეიცვლება რისკის შემცირების, პრევენციისა და მზაობის მიმართულებით”,-აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.


ახალი პროექტის მიზანია საქართველოში მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვა წარსულში განხორციელებული წარმატებული ინიციატივების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადაპტაციის ფონდის მიერ მდინარე რიონის აუზში შესრულებული პროექტია, რომლის ფარგლებში მოხდა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით შემუშავებული განვითარების პოლიტიკისა და მოსახლეობის ადაპტაციის ზომების გამოცდა.


მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსთვის გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობა კლიმატური ინფორმაციის გაუმჯებესებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის სრულყოფის საიმედო შესაძლებლობაა. საქართველომდე კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსება მალავის რესპუბლიკამ და უგანდამ მიიღეს. ორივე ქვეყანაში კლიმატურ რისკებთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებამ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, სიღარიბის შემცირება და სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესება გამოიწვია. ადაპტაციის ფონდის (AF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს კლიმატური ინფორმაციისა და ადრეული შეტყობინების სისტემების განვითარებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მხარს უჭერს რისკების შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამოქალაქო ინვესტირების დაგეგმვას.


„კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია გლობალური მიზნების მიღწევისა და 21-ე საუკუნის შესაბამისი განვითარების გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930