6-12-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ აგლაძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში, ხელოსანმა თ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ვ.კ.-ს გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა თ.ფ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.