გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ციტრუსის ფასებისა და რეალიზაციის ნაწილში პრობლემა არ არსებობს

7-12-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

პრემიერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინის კონტეინერებით იტვირთება.

წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა. პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ე.წ. ნარინჯისფერი რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

„როგორც ფასების, ასევე რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავთ, რომ აჭარელი გლეხი არის კმაყოფილი და მას არ აქვს არანაირი პრობლემა, მისი პროდუქციის გასაღებაში და რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა, ეს დამსახურებაა აჭარის მთავრობის, ისევე როგორც სტადიონის, ასე ეფექტურად, მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელების ნაწილში, აჭარის მთავრობის ღვაწლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე, დღევანდელ სამუშაო შეხვედრებში არის სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და სწრაფი ზრდა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, როგორც ჩვენი, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, განვითარებას, ასევე ინვესტორების მოზიდვას და მათ დახმარებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ველოდებით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, რომ მან შექმნას მეტი დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოსავლის დაბინავების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.

გადამმუშავებელი საწარმოები მზად არინ არასტანდარტული პროდუქციის მისაღებად.

გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული მანდარინის რაოდენობამ ამ ეტაპზე უკვე 405 ტონას გადააჭარბა. აჭარასა და გურიაში ციტრუსის მოსავლის დაბინავებაში აქტიურად არის ჩართული 25 კომპანია, რომელთა შორის 14 მუშაობს ექსპორტზე. ამ კომპანიებს შორისაა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული 5 საწარმო.

ხილის, მათ შორის მანდარინის გადამუშავების მიმართულებით აჭარის და გურიის რეგიონებში სახელწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 7 ახალი საწარმო ფუნქციონირებს, გაფართოვდა ერთი. მათი საერთო ინვესტიცია 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და შექმნილია 155 ახალი სამუშაო ადგილი.

ქართული ციტრუსი კონკურენტუნარიანია და თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზარზე წარმოდგენილი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და კატარი დაემატა. გაჩნდა ინტერესი ბელარუსის მხრიდანაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930