ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებებისას მან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარება ითხოვა.
"ვიცი, რომ ადამიანი გარდაიცვალა ბერლინში. ის არ არის უბრალოდ ქართველი, ეს არის ადამიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა კავკასიაში საომარ მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს. ის ეროვნებით ქართველი არ არის. ეს კაცი ჩვენ მიერ იძებნებოდა. ეს არის მებრძოლი და სისხლიანი ადამიანი",- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, პუტინმა არასწორი უწოდა გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებას.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ჟურნალისტური გამოძიებით, კვალი რუსულ სპეცსამსახურებზე გადის.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.